воскресенье, 6 июня 2010 г.

ევსევი მიქელაძე


,,ზოგჯერ ადამიანი კვდება ფიზიკურად, მაგრამ არ კვდება საზოგადოებრივად იგი თავისი ქცევითა და შემოქმედებით განაგრძობს არსებობას ცოცხალთა გარემოცვაში, რა თქმა უნდა, სიცოცხლეშივე თუ მკვდარი არ იყო. ცოცხალი კოლექტივი მკვდრეთით აღადგენს ხოლმე გარდაცვლილს.”
ნიკო მარი

ევსევი დავითის ძე მიქელაძე საქართველოს დამსახურებული პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე იყო. 1911 წელს ე.მიქელაძემ ოქროს მედალზე დაასრულა ქუთაისის სათავადაზნაურო ქართული გიმნაზია, 1916 წელს ასევე ოქროს მედალზე დაასრულა პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლური ენების ფაკულტეტი. ნიკო მარის ხელმძღვანელობით დაწერა სადიპლომო ნაშრომი, რომელშიც მესამე ოქროს მედალი დაიმსახურა.

აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილისა და ნიკო მარის რეკომენდაციით, ევსევი მიქელაძეს პეტერბურგის უნივერსიტეტში ტოვებდნენ საპროფესოროდ მოსამზადებლად, მაგრამ მშობლიური გიმნაზიის დირექტორის, ბატონ იოსებ ოცხელის ოფიციალური მოწვევით სამოღვაწეოდ მშობლიურ გიმნაზიაში დაბრუნება ამჯობინა და სათაყვანებელ მეცნიერებს შემოთავაზებულ წინადადებაზე მოკრძალებული უარი მოახსენა...

ევსევი მიქელაძის სახით ქუთაისს დაუბრუნდა დიდად ერუდირებული, კრისტალური ბიოგრაფიის მქონე პიროვნება, ჭეშმარიტი ინტელიგენტი, რომელმაც ხანგძლივად იღვაწა იმერეთის უძველეს სატახტო ქალაქში ფილოლოგიური მეცნიერების საკეთილდღეოდ.


1916 წელს ე.მიქელაძე დანიშნეს ქართული ენისა და ლიტერატურის და საქართველოს ისტორიის მასწავლებლად ქართულ სათავადაზნაურო გიმნაზიაში. მუშაობდა აგრეთვე კლასიკურ გიმნაზიაში, პოლიტექნიკუმში, 6 წლის განმავლობაში იყო ქუთაისის I ათწლედის გამგედ, 1933 -39 წლებში - ქუთაისის ინდუსტრიული მუშათა ფაკულტეტის სასწავლო ნაწილის გამგედ. წლების განმავლობაში გაერთიანებული იყო განათლების განყოფილებასთან არსებულ მეთოდურ სექციებში, იყო განათლების მუშაკთა პროფკავშირის გამგეობის წევრი, კითხულობდა ლექციებს მასწავლებელთა სახლში და სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებში.
ე.მიქელაძის პედაგოგიური მოღვაწეობა ქუთაისში სულ უფრო ფართო მასშტაბს იძენდა. საკმარისია აღინიშნოს, რომ იგი, როგორც აღმოსავლური ენების ბრწყინვალე მცოდნე, სახელმწიფო პედინსტიტუტში ასპირანტებს ასწავლიდა სპარსულ ენას, გარდა ამისა, კითხულობდა ლექციებს შუასაუკუნეების რუსული და საზღვარგარეთის ლიტერატურის ისტორიაში... 1969 წელს ე.მიქელაძეს მიენიჭა საქართველოს სსრ დამსახურებული მასწავლებლის საპატიო წოდება.